ახალი ამბები
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს
FaceBook
2016 წლის 8 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებისთვის ბარათებს დაარიგებენ.

მათი მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წლის 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს ერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს წერილობით მიმართოს.

ანა მიქელაძე განმარტავს, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია 8 სექტემბრიდან ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული და ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმება ადგილზე შეეძლებათ.

"ცესკომ ამომრჩევლებს, მონაცემების გადამოწმების მიზნით, არაერთი სიახლე შესთავაზა - მოქალაქეებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან პლანშეტის გამოყენებით. ასევე, საქართველოს მასშტაბით განთავსებული სწრაფი გადახდის 7 000 ტერმინალის საშუალებით. მნიშვნელოვანია რომ, სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

2016 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 2016 წლის 10 ივნისიდან ამ დრომდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.
Print