ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრი შესაძლოა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდეს
FaceBook
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი მომავალი წლიდან, შესაძლოა, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადავიდეს.
თეატრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და კონსულტაციებისთვის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თორნიკე მარჯანიშვილის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა, გამორიცხული არ არის, მომავალი წლიდან ოპერის თეატრი ქუთაისის მერიის ნაცვლად, კულტურის სამინისტრომ დააფინანსოს.

"იყვნენ ჩამოსულები და ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება ეს საკითხი. ძალიან კარგი იქნება თუ ასე მოხდება, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია",-აცხადებს თორნიკე მარჯანიშვილი.

მისივე თქმით, კულტურის სამინისტრომ ფინანსური პასუხისმგებლობა უწყებასა და მერიას შორის განაწილებული ფუნქციების ერთი სტრუქტურის ქვეშ მოქცევის მიზნით მიიღო.

"ისინი ამტკიცებენ ჩვენთან საშტატო ნუსხას და ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება თუ ფინანსურ პასუხისმგებლობასაც თავის თავზე აიღებენ",-აცხადებს მარჯანიშვილი.

ის, ასევე, არ გამორიცხავს, რომ მომავალში სამინისტრომ თეატრის დაფინანსება გაზარდოს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე თვითმმართველობისთვის არ მოუმართავთ. შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოპერის თეატრის სამომავლო დაფინანსება, ოფიციალური მოლაპარაკებების შედეგად გაირკვევა.

ქუთაისის ოპერის თეატრი ადგილობრივი სახსრებით ყოველწლიურად ფინანსდება.

მიმდინარე წელს მისი ბიუჯეტი 950 000 ლარს შეადგენს. თეატრში 267 თანამშრომელი მუშაობს.

Print