ახალი ამბები
ქუთაისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 160 წარმომადგენელი გადამზადდება
FaceBook
"ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი" საბინაო სექტორის განვითარებისთვის ახალ პროექტს იწყებს.

ცენტრის დახმარებით, ქუთაისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ეფექტური ადმინისტრირების უნარების ჩამოყალიბებას შეძლებენ.

პროექტის, "წინ საბინაო სექტორის რეფორმისკენ" მონაწილეებს, სხვადასხვა საკითხზე ტრენინგები ჩაუტარდებათ, რომელთა ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იქნება ორგანიზებული. მოეწყობა ღონისძიებები ბინათამხანაგობების გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეფორმებს საბინაო სექტორში, ასევე დავნერგოთ საერთაშორისო გამოცდილება ადგილობრივ დონეზე და დავეხმაროთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს",-აცხადებს "ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" წარმომადგენელი ლიკა კილაძე.

პროექტის ფარგლებში 160 ბინათმესაკურე გადამზადდება და შეიქმნება რესურს-ცენტრი, რომელიც მუდმივ რეჟიმში გაუწევს კონსულტაციებს ამხანაგობების წარმომადგენლებს.

პროექტის პრეზენტაცია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრას, ამხანაგობების წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Print