ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლებში 2 851 პირველკლასელია რეგისტრირებული
FaceBook
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2016 წლის 15 სექტემბერს განახლდება.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ბადრი ვაშაკიძის განმარტებით, ქუთაისის 38-ვე საჯარო სკოლაში სულ 2 851 პირველკლასელია რეგისტრირებული.

"ეს არის დღევანდელი მდგომარეობით, რომელიც 15 სექტემბრამდე არ შეიცვლება. შემდეგ კი, შეიძლება, ვინმე კერძო სკოლაში გადავიდეს", - განმარტავს ბადრი ვაშაკიძე.

მისი თქმით, საჯარო სკოლები სასწავლო პროცესის გასაახლებლად მზად არიან. ვაშაკიძის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებებში ახალი მერხები, დაფები, სახელმძღვნელობი და პირველკლასელებისთვის სასაჩუქრე კომპიუტერები უკვე შეტანილია.

ასევე, კომპიუტერები საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლებს და მეათე კლასის მოსწავლეებს გადაეცემათ, რომელთა საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე, კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 001-ზე. ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.
Print