ახალი ამბები
პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი – ქუთაისის მერიაში პრემირების მანკიერი პრაქტიკაა
FaceBook

"მხოლოდ მერიის მაღალი თანამდებობის მქონდე პირები იღებენ სახელფასო დანამატებს და პრემიებს".


ეს განცხადება "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის " გაერთიანების წევრმა, ზაალ ხონელიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

"ქუთაისის მერიაში პრემირების მანკიერი პრაქტიკა არსებობს. პრემიები მხოლოდ პრივილეგირებულმა კასტამ მიიღო. მიმდინარე წელს ამ მიზნით 443 450 ლარი გაიცა"- განაცხადა ზაალ ხონელიძემ.

მან, ასევე ქუთაისის მერიისგან მიიღებულ დოკუმენტზე ისაუბრა, სადაც ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

მისი თქმით, მიღებულ ოფიციალურ წერილში განსაკუთრებით საყურადღებო ის ნაწილია, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ ქუთაისის მერად შოთა მურღულიას დანიშვნის შემდეგ საყოველთაო პრემირების მანკიერი პრაქტიკა აღარ არსებობს.

"კითხონ მერიაში მომუშავე ადამიანებს, კმაყოფილები არიან, როდესაც მხოლოდ მათი უფროსები იღებენ პრემიას და დანამატებს. არ შეიძლება სულ ერთი და იგივე ადამიანები, ერთნაირი ხარისხით ასრულებდნენ სამუშაოს, იღებდნენ პრემიებს და სახელფასო დანამატებს. მოვითხოვთ, ასეთი პრემირების სისტემა გაუქმდეს და ადამიანებმა სახელფასო დანამატი თუ პრემია მათ მიერ შესრულებული საქმის მიხედვით მიიღონ,"- განაცხადა ზაალ ხონელიძემ.

პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ბრალდებებს უპასუხეს ქუთაისის მერიაში.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, მერიაში პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცემა.

"დანამატებს და პრემიებს იღებენ ის ადამიანები, ვინც ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ. ერთ-ერთი არის საბინაო სამსახური, რომელიც შაბათსაც მუშაობს. რაც შეეხება გაცემულ საჯარო ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება საჯარო გავხადოთ თანამშრომელთა პირადი ინფორმაცია. მათ შორის, ხელფასები, პრემიებისა და დანამატების შესახებ, თუ მათგან არ იქნება შესაბამისი ნებართვა. აღნიშნული კანონი არ ვრცელდება მაღალი თანამდებობის მქონე პირებზე. აქედან გამომდინარე, ზაალ ხონელიძეს მივაწოდეთ მათ შესახებ ინფორმაცია, ვინც ზეგანაკვეთური შრომისთვის იღებს პრემიასა და დანამატს," - განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა.

პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" წევრის, ზაალ ხონელიძის თქმით, ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობის მქონე პირები ყოველთვიურად ხელფასის 30-40%- იან დანამატს იღებენ.

 

Print