ახალი ამბები
ISFED – ქუთაისში პრემიერთან შეხვედრაზე პედაგოგების მობილიზება მოხდა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
ანგარიშში მოხვდა ქუთაისში, მიმდინარე წლის 18 ივლისს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, პრემიერთან შეხევედრაზე დასწრების მიზნით, საჯარო სკოლებისა და ბაღების პედაგოგების მობილიზება მოხდა.

ანგარიშში მოყვანილი ფაქტების მიხედვით, სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს, შეხვედრაზე მისაყვანად ავტობუსები ელოდებოდათ, მანამდე კი ისინი მერიაში დაიბარეს.

"აღნიშნული შეხვედრისთვის ქუთაისის მე-5 ბაღის ერთ-ერთი პედაგოგის განცხადებით, ყველა თანამშრომელი დაბარებული იყო მერიაში 6 საათზე, საიდანაც უნდა წაეყვანათ 8 საათზე დაგეგმილ ღონისძიებაზე. ასევე, მე -14 საჯარო სკოლის წინ იდგნენ ავტობუსები, რომლითაც პედაგოგები და სხვა თანამშრომლები უნდა მიეყვანათ წინასაარჩევნო შეხვედრაზე. მათ შორის ორ ავტობუსს ჰქონდა სახელმწიფო ნომრები: QQD-158 და BB-360-BS. მათ ახლდნენ "ქართული ოცნების" აქტივისტებიც მაისურებით", - ნათქვამია ISFED–ის ანგარიშში.

საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. კერძოდ, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა წინასაარჩევნო აგიტაციაში.

მითითებულ მუხლში ჩამოთვლილი პირობების დარღვევა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.

"სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი 2016 წლის 17 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა. ამ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით გამართულ 114 შეხვედრას დააკვირდნენ.



Print