ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სარემონტო სამუშაოებზე 3 წელიწადში 130 000 ლარზე მეტი დახარჯა
FaceBook
ქუთაისის მერიამ ადმინისტრაციულ შენობაში, ბოლო სამი წლის მანძილზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სამჯერ ჩაატარა.


სხვადასხვა დროს მოხდა ოთახების და სველი წერტილების რეაბილიტაცია, იატაკის შეცვლა და მოქალაქეთა მისაღების მოწყობა.

ადმინისტრაციულ შენობას რეაბილიტაცია ბოლოს მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2016 წლის აპრილ-მაისში შენობის პირველ სართულზე მოქალაქეთა ახალი მისაღები მოეწყო. გარემონტდა ე.წ. კანცელარიის ყოფილი ოთახი და სველი წერტილი მოეწყო "უქიმერიონის" მუნიციპალიტეტში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ყველაზე დიდი თანხა, 97 738 ლარი გამოიყო.

თითქმის სამჯერ უფრო ნაკლები თანხით გაკეთდა გასულ წელს მერიის შენობაში ოთახებისა და ტუალეტების რემონტი, რისთვისაც 35 690 ლარი დაიხარჯა.

2014 წელს კი თვითმმართველობის სხდომათა დარბაზის მისაღებში იატაკის შეცვლისთვის ბიუჯეტიდან 3241 ლარი გამოიყო.

ქუთაისის მერიის შენობასა და "უქიმერიონის" მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოებისთვის სამი წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 136 669 ლარი დაიხარჯა.




Print