ახალი ამბები
არ დასაჯო, გადავარჩინოთ სიცოცხლე - აქცია ქუთაისში
FaceBook
ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია გაიმართა.

ორგანიზაციების "ახალი გზისა" და "რუბიკონის" წარმომადგენლებმა ქუთაისში მე-11 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კიპარისის ხეები დარგეს. ამით პატივი მიაგეს ზედოზირებით გარდაცვლილთა და საქართველოში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლთა ხსოვნას.

აქციის მონაწილეებმა, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს ნარკომომხმარებლებს და მათი ოჯახის წევრებს.

"მნიშვნელოვანია მოხდეს ნარკომომხმარებლების საზოგადოებაში ინტეგრაცია და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული დასჯისკენ ", - აღნიშნა "რუბიკონის" გამგეობის თავმჯდომარემ, ზაზა ქარჩხაძემ.

ზედოზირების პრევენციას პრობლემას უქმნის მედიკამენტ ნალოქსონზე შეზღუდვაც, რომელიც სარეცეპტო სისტემის შემოღებამ შექმნა.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს მედიკამენტი ზედოზირების დროს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტური საშუალებაა.

აქციის მონაწილეებმა წარმოადგინეს სტატისტიკა, რომლის თანახმად საქართველოში 2016 წლის 6 თვის მონაცემებით ზედოზირების 411 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ლეტალურად 4 დასრულდა. 2015 წელს კი ზედოზირების 892 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ლეტალური შედეგით 50 დამთავრდა. 2014 წელს ზედოზირების 528 შემთხვევიდან ლეტალურად 36 დასრულდა.

აქცია ეროვნული კამპანიის ფარგლებში საადვოკაციო კამპანია "ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზებას ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD) და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (GHRN) უწევწს.

კამპანიის ძირითადი გზავნილია: არ დასაჯო, გადავარჩინოთ სიცოცხლე.

Print