ახალი ამბები
დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
FaceBook

სამტრედიის სოფელ დაფნარში მცხოვრებ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლეობის საქმეზე,  პოლიციელს გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც   თევზაძის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, შსს-ს განცხადებით თევზაძე  საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლერი თედორაძემ  სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით,  2016 წლის 7 აგვისტოს, გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, მან დემურ სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც მას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას.

გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, თევზაძე შეასრულებდა მუქარას.

აღნიშნულის შედეგად სტურუამ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

გოდერძი თევზაძეზე   ძებნა უკვე გამოცხადებულია.

პროკურატურამ თევზაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი 29 აგვისტოს წარუდგინა.

Print