ახალი ამბები
დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მიმართ ძებნა გამოცხადდება
FaceBook
შსს-ს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს გოდერძი თევზაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, თევზაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ედება.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლითაა აღძრული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, მან დემურ სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც მას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას.

გოდერძი თევზაძის მუქარამ გამოიწვია ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დემურ სტურუას შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა თევზაძე შეასრულებდა მუქარას.

აღნიშნულის შედეგად სტურუამ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიიღო.

"ვინაიდან, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ასევე, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ.თევზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. გ.თევზაძის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების შემდეგ მის მიმართ გამოცხადდება ძებნა," – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print