ახალი ამბები
GDI "ცენტრისტების" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
FaceBook
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

ამ მოთხოვნით ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე 2016 წლის 26 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს.

"მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებების რეგისტრაციიდან მოხსნა, იგი ავტომატურად არ გულისხმობს, რომ პარტია შეწყვეტს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ისეთ ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს როგორიცაა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა," – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს.

ლადო ბედუკაძის პარტია "ცენტრისტები", რომელსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდა, ცესკომ საარჩევნო რეგისტრაციიდან 16 აგვისტოს მოხსნა.

"ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, "ცენტრისტების" რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ," – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.



Print