ახალი ამბები
ასობით ადამიანი იწამლება - ხარაგაულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში მოსახლეობამ გზა გადაკეტა.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ხარაგაულში შემავალი სოფლები ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

"სარკინიგზო მშენებლობის გამო მთელი სოფლები მტვერშია გახვეული, ასევე მოწამლულია მდინარე ჩხერიმელა და ასობით ადამიანი იწამლება, ვითხოვთ ხელისუფლებამ ყურადღება მოგვაქციოს," - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაბუნძურებულმა მდინარე ჩხერიმელამ მცირეწლოვნები მოწამლა.

ადგილობრივები მდინარის დაბინძურების მიზეზად მდინარის მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელ საწარმო "ნიუ სფეისს" მიიჩნევენ.

მოსახლეობამ ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა

"ჩვენი თხოვნის მიუხედავად, არავინ გვაქცევს ყურადღებას," - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ საღანძილეში მცხოვრებლებთან ერთად, აქციას ოპოზიციური პარტის წარმომადგენლებიც უერთდებიან.

"ხარაგაულში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემა არსებობს და დროა ხელისუფლებამ ხალხზე იზრუნოს," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს "ნიუ სფეისი" მიმდინარე წლის 22 ივლისს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანია ხარაგაულის ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის საფუძველზე ფუნქციონირებს.

მათივე ინფორმაციით, შპს "ნიუს სფეისის"-გან წარმომადგენლის გამოყოფას ელოდებიან, რათა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებასთან ერთად, ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება მოხდეს.

Print