ახალი ამბები
ქართული დელეგაციის 2 ოქრო და 38–ე ადგილი – რიოს ოლიმპიადა დასრულდა
FaceBook
რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა.

მედლების ცხრილში საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა.

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა  ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს.

ვერცხლის მფლობელი გახდა ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი. ძიუდოისტმა  ლაშა შავდათუაშვილმა, ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

მოპოვებული მედლების რაოდენობით ცხრილის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ამერიკის შეერთებული შტატები 121 მედლით (46 ოქრო, 37 ვერცხლი, 38 ბრინჯაო), დიდი ბრიტანეთი (27 ოქრო, 23 ვერცხლი, 17 ბრინჯაო), ჩინეთი (26 ოქრო, 18 ვერცხლი, 26 ბრინჯაო), რუსეთი (19 ოქრო, 18 ვერცხლი, 19 ბრინჯაო), გერმანია (17 ოქრო, 10 ვერცხლი, 15 ბრინჯაო).

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 4 ოლიმპიური ოქროს მოპოვება შეძლო უზბეკეთმა, ხოლო 3 ყაზახეთმა. შესაბამისად, მედლების ცხრილში უზბეკეთმა 21- ე ადგილი, ხოლო ყაზახეთმა 22-ე ადგილი დაიკავა.

2 ოლიმპიური ოქროს მედლით 31-ე ადგილზეა უკრაინა.

ბრაზილიაში ოლიმპიური ასპარეზობები 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნის 11, 303-მა სპორტსმენმა მიიღო.

ოლიმპიადა გრანდიოზული ცერემონიით დასრულდა, რომელიც მარაკანას სტადიონზე სამ საათს გაგრძელდა.

ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს გადაეცა. 2020 წელს, ზაფხულის XXXII ოლიმპიადას იაპონია უმასპინძლებს. 

Print