ახალი ამბები
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ცენრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი მშვიდ გარემოში, აღიარებული სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს.

"საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას, რისთვისაც ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონმდებლობით და პატივი სცენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც უწყებამ გაავრცელა.

ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ მხარეებს მიმართავს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე.


"გაითვალისწინონ პროცესისადმი ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში გაასაჯაროვონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შედეგები," - აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკო განსაკუთრებით აღსანიშნავს დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს, რათა აქტიურად დააკვირდნენ ზემოაღნიშნულ პროცესს და ხელი შეუწყონ მის ღიაობას და ობიექტურ ასახვას.
Print