ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა იწყება (ფოტო)
FaceBook
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა ბიბლიოთეკის ახალი კორპუსის მშენებლობისთვის 2 543 008 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მშნებლობა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 3 დღის ვადაში დაიწყება და 2017 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

ბიბლიოთეკის მშენებლობის იდეა ამავე სასწავლებლის რექტორს, გიორგი ღავთაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, დღეისათვის არსებული წიგნადი ფონდი უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებშია განთავსებული და საცავები ვერ იტევს.

ახალ შენობაში სრულად გადავა უნივერსიტეტის წიგნადი ფონდი და უნიკალური გამოცემები, რომლისთვისაც შესაბამისი კლიმატური გარემო შეიქმნება. მსგავსი პირობები უნივერსიტეტში ამ დრომდე არ არის.

გამორჩეული ვიზუალისა და ფუნქციური დატვირთვის მქონე ახალი ბიბლიოთეკა კომფორტის ეფექტზეა გათვლილი.
პროექტის ავტორთა მთავარი მიზანიც, მკითხველის საგანმანათლებლო სივრცეში დიდი ხნით დარჩენაა.


შენობაში იქნება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის ოთახები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კაბინეტები, დარბაზები სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის და პრეზენტაციისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა.

ბიბლიოთეკაში ერთ-ერთ ინოვაციას ღია დაშვების სტელაჟები წარმოადგენს, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას მისცემს თავად მოძებნოს სასურველი წიგნი, საჭიროების მიხედვით გაიტანოს და დააბრუნოს.

ახალი ბიბლიოთეკა, თავისი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული რესურსებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება.


Print