ახალი ამბები
ქუთაისში მრავალშვილიანი დეისაძეების ოჯახი შიმშილობის დაწყებას აპირებს
FaceBook
ქუთაისში სოციალურად დაუცველი დეისაძეების ოჯახი იპოთეკით დაზარალებულები არიან და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

"ვინმე თუ ყურადღებას არ მოგვაქცევს იძულებული ვარ ჩემი მცირეწლოვანი შვილებიანად ვიშიმშილო," - ამბობს იპოთეკით დაზარალებული ნანა დეისაძე.

დეისაძე ირწმუნება რომ, მევახშემ თაღლითური გარიგებით მას სახლი გაუყიდა.

"სესხი იმ მიზნით ავიღე, რომ მეუღლე გამიხდა ავად, ასეთ დროს ჩემთვის მთავარი იყო მეშოვა ფული და არ დავკვირებივარ ხელშეკრულების პირობებს, ჩემი ნდობით კი მევახშემ თაღლითურად ისარგებლა," - ამბობს ნანა დეისაძე.

დეისაძეების ოჯახის წევრები ყვებიან, რომ პროცენტის გადახდის დროს, მევახშე სახლის მეპატრონეებს დაემალა, თუმცა სესხის აღების დღიდან დღემდე, უძრავი ქონება კერძო იპოთეკარმა, ნანა ქართველიშვილმა მეოთხედ გაყიდა.

"2008 წლიდან არაფერი ვიცოდით რადგან გვემალებოდა მევახშე, ის არც ახლა სჩანს," - განმარტავენ დეისაძეები.

მიუხედავად იმისა, რომ დეისაძეების საცხოვრებელი ოფიციალურად სხვა პირის საკუთრებას წარმოადგენს, ოჯახი სახლს არ ტოვებს.

"არ დავტოვებ სახლს,  მინდა ჩემი სიმართლე დავამტკიცო, მინდა დახმარება ვთხოვო ხელისუფლებას, რომ დაინტერესდეს ჩემი პრობლემით და დამეხმაროს. როგორც სოციალურად დაუცველს, როგორც მრავალშვილიან დედას და როგორც უსამართლობის მსხვერპლს," - აცხადებს დეისაძე.

დეისაძეები "ქართული ოცნების"  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გენადი მარგველაშვილს მათი ოჯახის პრობლემის გაცნობას თხოვენ.

მრავალშვილიანი დეისაძეები ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.


Print