ახალი ამბები
ქუთაისში ხუთშვილიან დედას გამოსახლებით ემუქრებიან
FaceBook

ქუთაისში კლდიაშვილის ქუჩის მეექვსე შესახვევის N 19 ში მცხოვრებ ხუთი მცირწლოვანის დედას, ნანა დეისაძეს მევახშეებმა სახლი გაუყიდეს.


ის იწმუნება, რომ კერძო იპოთეკარმა სესხის დაბრუნების საშუალება არ მისცა და მისი კუთვნილი სახლი თაღლითურად მიითვისა.

"2008 წელს ავიღე სესხი კერძო პირისგან 4000 დოლარი, თუმცა როცა მივედი ოფისში პროცენტის გადასახდელად, ორგანიზაცია აღარ არსებობდა," - ამბობს დეისაძე

მისივე თქმით, კერძო იპოთეკარს, ნანა ქართველიშვილს, წინასწარ ჰქონდა მისი ქონების მითვისება განსაზღვრული.

"სესხი იმ მიზნით ავიღე, რომ მეუღლე გამიხდა ავად, ასეთ დროს ჩემთვის მთავარი იყო მეშოვა ფული და არ დავკვირებივარ ხელშეკრულების პირობებს, ჩემი ნდობით კი მან თაღლითურად ისარგებლა," - ამბობს ნანა დეისაძე.

დეისაძეები ამბობენ, რომ 2008 წლიდან დღემდე იპოთეკით დატვირთული სახლი მათი გაფრთხილების გარეშე მეოთხედ გაიყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებელი სახლი ოფიციალურად სხვა პირის საკუთრებას წარმოადგენს, ოჯახი სახლს არ ტოვებს.

დეისაძეები ხელისუფლებისგან დახმარებას და მათი საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.

მრავალშვილიანი ოჯახის პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ორგანიზაციის ხელმზღვანელი გოგი წულაია, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გენადი მარგველაშვილს.

"ასეთი ხალხის პრობლემით უნდა დაინტერესდნენ თუ რეალურად ხალხის სამსახურში უნდათ რომ იყვნენ, საცოდაობაა ამ ოჯახის მდგომარეობა," - ამბობს წულაია.

მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც გამოსახლება ემუქრებიან, სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

 

Print