ახალი ამბები
შოთა მურღულია - ქუთაისელები აქტიურად იყვნენ ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვაში
FaceBook
ქუთაისის მერიაში პროექტის "ქუთაისი ეს მუშაობს" ორწლიანი შემაჯამებელი ანგარიში წარადგინეს.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით პროექტმა ეფექტურად იმუშავა.

"ორმა წელმა აჩვენა, რომ ქუთაისელები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესეში," – განაცხადა მურღულიამ.

პროექტის "ქუთაისი ეს მუშაობს" ავტორის შორენა ხუხუას თქმით, ქუთაისის მერიის ბიუჯეტის დაგეგმვასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში 1400 მოქალაქე იყო ჩართული.

"მოქალაქეთა აქტივობამ დაგეგმილ რაოდენობას გადააჭარბა. ისინი ასახელებდნენ მათთვის პრიორიტეტულ სფეროებს, რომელთა გათვალისწინება და ასახვა მოხდა ბიუჯეტში," - ამბობს შორენა ხუხუა.

მისივე თქმით, მოქალაქეები პრიორიტეტად ახალგაზრდულ, სპორტულ და ინფრასტრუქტურული სფეროს განვითარებას ასახელებდნენ.

"ქუთაისი ეს მუშაობს" ძირითად მიზანს გაუმჯობესებული მთავრობა და საზოგადო ფინანსური მმართველობის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელიც ქალაქის მერთან ერთად იმუშავებს.

"ეს ჯგუფი მერთან ერთად იმუშავებს რათა განსაზღვროს და გაასაჯაროოს რეკომენდაციები, ბიუჯეტი და მისი ხარჯვა, ასევე უზრუნველყოს შესაბამისი სისტემის შექმნა, რომელსაც ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება განახორციელებს და გაუწევს მონიტორინგს," - განმარტა მურღულიამ.

პროექტი "ქუთაისი - ეს მუშაობს" 2014-16 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, პარტნიორ ორგანიზაციებთან "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო", "ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი" და "ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ცენტრთან " ერთად განხორციელდა.

Print