ახალი ამბები
მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის, შესაძლოა, ხმის მიცემის სპეციალური მოდელი დაინერგოს
FaceBook
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემის მქონე ამომრჩევლებმა, მალე, შესაძლოა, ხმა სხვისი დახმარების გარეშე მისცენ.


ექსპერიმენტი, რომელიც შშმ პირებისთვის სპეციალური ჩარჩო/ფორმის შემუშავებას გულისხმობს, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.

იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა ოცამდე პირმა მიიღო, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სატესტო ფორმა გამოიყენეს. ეს ფორმა მათ საშუალებას მისცემს არჩევანი ინდივიდუალურად, სხვა პირის დახმარების გარეშე გააკეთონ.

სატესტო კენჭისყრას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFEშ) ექსპერტი, რებეკა ააბერგი აკვირდებოდა, რომელმაც ექსპერიმენტის მონაწილეთა შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა.

აღნიშნული მოდელი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად და საქართველოში ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შეირჩა.

ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის დანერგვის შესახებ კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდება.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი მოდელის გამოყენების შესახებ ინფორმაცია აუდიო ფორმატში მომზადდება და გავრცელდება.

Print