ახალი ამბები
დაფნარში გარდაცვლილ დემურ სტურუას პოლიციის შენობის წინ დაასვენებენ
FaceBook
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილ დემურ სტურუას, მისი ოჯახის წევრები პოლიციის შენობის წინ დაასვენებენ.


ოჯახი ამ ფორმით სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს გააპროტესტებს.

22 წლის დემურ სტურუას ახლობლები მომხდარში უბნის პოლიციელს გ.თ.-ს ადანაშაულებენ.

დემურ სტურუა გარდაცვალებამდე დედისთვის დატოვებულ წერილში, თვითმკვლელობის მიზეზად სწორედ მას ასახელებს. გარდაცვლილი წერს, რომ პოლიციელის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიდა და გ.თ. მისგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა, თუ რომელ სოფელში ვის ჰქონდა მარიხუანა დათესილი.

"მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთსკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ.თ. მილიციელი, მილიციასთან უნდა ითანამშროლოო, ვის აქ და ვის არა პლანი დათესილი ან კულაში, ან დაფნარში და საჯავახოშიო",-ნათქვამია წერილში.

გარდაცვლილი წერილში დედას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ ზეწოლის გამო იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო.

მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. გ.თ. -მ თანამდებობა უკვე დატოვა. იგი  ქუთაისის  საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

დემურ სტურუამ წერილი 7 აგვისტოს დაწერა. ოჯახის წევრების ვარაუდით, მან  თავი იმ საღამოსვე მოიკლა. გარდაცვლილი, საკუთარ ეზოში  ჩამომხრჩვალი 8 აგვისტოს იპოვეს.

გარდაცვლილს დღეს დაკრძალავენ.
Print