ახალი ამბები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვასა და ინფრასტრუქტურული პროექტის არამიზნობრივ განხორციელებაში ადანაშაულებენ. ამ  ბრალდებით პოლიტიკურ მოძრაობა, "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლები გამოდიან. 

"თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაიგო 700 000 ლარის ღირებულების გზის საფარი, მაშინ როცა გამგეობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ინფორმირებული იყო, რომ ადგილზე წყლის მილების გამოცვლა მოხდებოდა. 3 თვეში გზა გაიჭრა და ადგილზე ასფალტის საფარი ფაქტობრივად არ არსებობს. სახეზეა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ფლანგვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველა რაიონსა თუ ქალაქში იგივე მდგომარეობაა, საქმე გვაქვს ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ სისტემურ შეცდომასთან"- ამბობს პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა ლაგაზე.


თერჯოლის მუნიციპალიტეტში  პოლიტიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებას ტყუილს უწოდებენ და განმარტავენ, რომ  ბიუჯეტიდან თანხების გადინება მიზნობრივად მიმდინარეობს.

"არ მინდა ცუდი სიტყვა ვთქვა, მაგრამ ესენი რასაც ამბობენ არის ტყუილი. ყველამ იცის, რომ  თერჯოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები კარგად მიმდინარეობს. მსოფლიოში მიღებული წესია, რომ ვიდრე წყლის მილი გამოიცვლება, მანამდე კეთდება გზის საფარი. კი ბატონო ვიცოდით, რომ ამა თუ იმ ქუჩაზე წყლის მილი გამოიცვლეობდა, მაგრამ მანადე გზის საფარი არ უნდა მოგვეწესრიგებინა? მით უფრო, რომ როდესაც ამისთვის თანხა გვქონდა გამოყოფილი", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგლე, თემურ ქოჩიაშვილი.

მისი განმარტებით,  რეაბილიტირებული გზის საფარს, რომელიც  წყლის მილის გაყვანის გამო  ზიანდება, წყალმომარაგების კომპანია აკეთებს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თერჯოლის ხუთ სოფელში 3 მილიონ ნახევრი ლარის ღირებულების გზის საფარი დაიგო. თანხების მობილიზება ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდა. რაც შეეხება, ადგილობრივ ბიუჯეტს, მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის  200 000 ლარია ათვისებულია  თერჯოლაში საცხოვრებელ კორპუსებთან  მისასვლელი გზების სარეაბილიტაციოდ. 

Print