ახალი ამბები
"აიპებში "დაპორტირებული" "ზონდერები" მუშაობენ"
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატის ნატო ქათამაძის თქმით, ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპი დაწესებულებებში, ყოფილი "ნაციონალები" მუშაობენ.

"ორი მაისური აქვთ, ხან წითელი აცვიათ, ხან ლურჯი. არსად არ წასულა ის ხალხი, დაპორტირდნენ და იგივე საქმეს, რასაც ადრე "ნაციონალებისთვის" აკეთებდნენ, ახლა "ოცნებისთვის" აკეთებენ",  - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სწორედ ამ ადამიანებს გამოიყენებს წინასაარჩევნოდ.

ნატო ქათამაძის ბრალდებებზე კომენტარს აკეთებენ ქუთაისის მერიაში.

"მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ნატომ წელს მოსახლეობის ხარჯზე, ანუ ბიუჯეტიდან ოთახისთვის კონდინციონერი შეიძინა, კლიმატური პირობების (სიცხის) გავლენა მაინც იგრძნობა," -ამბობს  ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი,  ზვიად ჯავახია.

დეპუტატმა ზემოთაღნიშნული განცხადება, "საიასა" და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრაზე, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს. მათი თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება და წინასაარჩევნო პერიოდი კვლავ შეიცავს ძალადობისა და კანონდარღვევის რისკებს.

საარჩევნო პროგრამების კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის თქმით, სტაბილური საარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობა, განსაკუთრებით კორცხელის ინცინდენტის მაგალითზე გამოჩნდა.

"კორცხელის ინცინდენტმა დაგვანახა ჩვენ, რა შეიძლება მოხდეს. მაშინ, როცა კენჭისყრა 45 უბანზე მიმდინარეობდა და კორცხელის ერთმა უბანმა გადაფარა მთელი საარჩევნო პროცესი. ეს კი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებისთვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა",-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

"საიას" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 500 კაციანი სადამკვირვებლო მისია ეყოლება.

Print