ახალი ამბები
ქორწინებაზე რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა
FaceBook
საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, სადაც კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერის შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი უნდა განხილულიყო, ჩაიშალა.

პრეზიდენტის დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა. მისი თქმით, რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რის გამოც შეხვედრა აღარ შედგება.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა, დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, დათქმული შეხვედრა აღარ შედგება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ავლაბრის სასახლეში დღეს 17:00 საათზე უნდა გამართულიყო.

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობის, განმარტების ჩაწერას ითხოვს, რისთვისაც, მათი აზრით რეფერენდუმი უნდა დაინიშნოს. ჯგუფმა საკითხზე 2000-ზე მეტი ხელმოწერა უკვე შეიტანა ცეესკოში.
Print