ახალი ამბები
დაგვიანებული რეაბილიტაცია არჩევნებამდე ორი თვით ადრე
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში, რეაბილიტაციის დროს ხარვეზებით აშენებულ მანსარდს შეაკეთებს.

თამარ მეფის #4-ში, კერძო მოსახლის სახლზე დაშენებული მანსარდი, წლების მანძილზე პრობლემებს უქმნიდა ტურაბელიძეების ოჯახს. მათი თქმით, ყოველი წვიმის დროს წყალი ჩადიოდა, ზიანდებოდა სახლის ჭერი, კედლები და პირველი სართულიც კი.

"შარშან, თოვლი რომ დადნა, საშინელი მდგომარეობა იყო აქ. პირველ სართულზეც ჩამოდიოდა წყალი. წლებია ასეთ დღეში ვარ. უკვე აღარც ვაკეთებდი რემონტს",- ამბობს აქსანა ტურაბელიძე.

მის ოჯახში მერიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არიან და ამბობენ, რომ წლების მანძილზე მიღებულ ზარალს,  ალბათ არავინ აუნაზღაურებთ, თუმცა, ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია.




ქუთაისის ცენტრში მანსარდები რამდენიმე შენობაზე 2012 წელს, რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში დადგეს. რეაბილიტაციის დასრულებიდან მალევე, თამარ მეფის #4-ში, ორსართულიან სახლზე დაშენებული მანსარდიდან  წყალი ტურაბელიძეების ოჯახში ჩავიდა. ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამო, დაზარალებულმა ოჯახმა, ფაქტი რამდენჯერმე გააპროტესტა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობდა, რომ მანსადრი არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული და მერიას მისი შეკეთების უფლება არ ჰქონდა.

საკრებულოს 25-ე რიგგარეშე სხდომაზე, ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ თამარ მეფის #4-ში არსებული მანსარდი სახელმწიფომ უკვე დაარეგისტრირა და ქუთაისის მერიას გადასცა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას მისი შეკეთების უფლებას აძლევს.

"როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ მოხდა მისი რეგისტრაცია და უკვე გადმოეცა ქალაქს. აქამდე ვერ ვკიდებდით ხელს, ახლა კი რომ გვიჩივლოს მეპატრონემ, პროცესს წავაგებთ, რადგან უკვე ქალაქის საკუთრებაა და გამოდის, რომ ჩვენი მიზეზით ზარალდება ადამიანი",- განაცხადა მურღულიამ.

ქალაქის მერიის განცხადებას საკრებულოს ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატი სამსონ გუგავა გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და ამბობს რომ ქალაქის ხელსიუფლებას ამ პროცედურების გავლა ადრეც შეეძლო.

"შეგეძლოთ უფრო ადრეც გაგეკეთებიათ ან არჩევნების შემდეგ. ბუნებრივია, რომ ასეთი ქმედებები ჩაგეთვლებათ წინასაარჩევნო სამზადისში",-განაცხადა გუგავამ.

ქალაქის ცენტრში (თამარ მეფის #4-ში) რეაბილიტაციის დროს აშენებული მანსარდის შეკეთება ქალაქის ბიუჯეტს 12 000 ლარი დაუჯდება.


Print