ახალი ამბები
"უამრავი ადამიანია რიგში, რომელსაც აქვს ბანკის ვალი"- საკრებულოს დეპუტატი ქუთაისის მერს მრჩეველზე
FaceBook

ქუთაისის მერთან საკრებულოს "რესპუბლიკელ" წევრ ნატო ქათამაძეს, მრჩეველთან დაკავშირებით, კითხვები აქვს.


ნატო ქათამაძეს აინტერესებს, დატოვებს თუ არა მერი თანამდებობაზე თავის მეხუთე მრჩევლად ახლადდანიშნულ თემურ ლანჩავას.

"მას შემდეგ, რაც ლანჩავამ განაცხადა, რომ ქალაქის მერმა მრჩევლად ვალების გამო დანიშნა და თან ამბობს - "თუ გავაკეთე საქმე, ხომ კარგიო", - ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მხოლოდ ხელფასის მისაღებად დანიშნეს. ეს კაცი ამ განცხადების შემდეგ რჩება თუ არა მრჩევლად?

თუ კი ისევ მრჩეველია, მაშინ უამრავი ადამიანია რიგში, რომელსაც აქვს ბანკის ვალი და ზუსტად იგივე თხოვნით მიმართავს მერს.
ეს კითხვები პირადად მინდოდა მეკითხა მისთვის, თუმცა მან სხდომა დამთავრებამდე დატოვა", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ნატო ქათამაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ "რესპუბლიკელ" კოლეგას პირობა მისცა, რომ შეკითხვას ქალაქის მერს გადასცემდა.

თემურ ლანჩავა ქალაქის მერმა მრჩევლად მიმდინარე წლის ივლისში დანიშნა. როგორც ლანჩავამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აღნიშნა, ის საკუთარი თხოვნის საფუძველზე დაინიშნა.

ქუთაისის მერს შოთა მურღულიას სულ ხუთი მრჩეველი ჰყავს

 

Print