ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტის მოსაცდელებში საკონდიტრო, ყავის აპარატი და ბანკომატები განთავსდება
FaceBook
ქუთაისში, მოსაცდელებში "სმარტის" სხვადასხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.


ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას უფლება ექნება მხოლოდ ბანკომატი, ყავის აპარატი, მცირე ზომის საკონდიტრო და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა განათავსოს.

შპს "ფერტუნა მედიას", რომელიც ახლა კომპანია "ვისოლს" ეკუთვნის, ქალაქში მოსაცდელების განთავსებაზე ვალდებულება 2010 წელს აქვს აღებული. ქალაქის მერის შოთა მურღულიას თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს გაფორმებულ ხელშეკრულებაში "ფერტუნა მედიას" მოსაცდელებში მაღაზიების განთავსების უფლებაც კი ჰქონდა.

"მიღწევაა ჩვენი მხრიდან ის, რომ იქ არ დავუშვით მაღაზიების გაკეთება. ვფიქრობ, ის, რაზეც მოლაპარაკების გზით შევთანხმდით, მოქალაქეთა კომფორტზეა გათვლილი",- განაცხადა შოთა მურღულიამ.

მერიის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასა საკრებულოს დეპუტატთა ნაწილმა. მათი თქმით, მოსაცდელებში მსგავსი ინფრასტრუქტურის განთავსება, სხვა სავაჭრო ობიექტებს კონკურენციას გაუწევს და ამით ბიზნესი დაზარალდება.

საკრებულოს "რესპუბლიკელმა"  დეპუტატმა ნატო ქათამაძემ, ფაქტი რამდენიმე წლის წინ ქალაქის მასშტაბით "ბარაქას" ჯიხურების განთავსებას შეადარა.

"ეს იგივე ხომ არ იქნება, გოჩა თევდორაძეს "ბარაქას" ჯიხურების ჩადგმის უფლება რომ მისცეს?",-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

მურღულიას თქმით, მაგალითად ყავის აპარატი ნაკლებად კონკურენტუნარიანია ქალაქში.

"არ მგონია ქალაქში ყველა მაღაზიას ჰქონდეს ყავის აპარატი",-განაცხადა მურღულიამ.

შპს "ფორტუნა მედია" მოსაცდელების განთავსებას ეტაპობრივად ახორციელებს.

შოთა მურღულიას თქმით, საწყის ეტაპზე ძველი მოსაცდელები,  შესაძლოა იმ უბნებში გადაიტანონ, სადაც აქამდე გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო.

საბოლოოდ, კი ქალაქის მასშტაბით ახალი მოსაცდელები მოეწყობა.

Print