ახალი ამბები
ქუთაისში მშენებელს პარკირებისთვის მიწისქვეშა სართულის მოწყობა მოუწევს
FaceBook
ქუთაისის მერია სამშენებლო სფეროში ახალ რეგულაციებს აწესებს.

გეგმის სამუშაო ვერსიის მიხედვით, იცვლება განაშენიანების კოეფიციენტი და დგინდება ზონირების ახალი წესი.

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ქალაქში მშენებლობის კატასტროფულად მაღალი კოეფიციენტია, რაც უნდა შეიცვალოს და ზონების მიხედვით დარეგულირდეს.

ერთ-ერთი ცვლილება, მშენებლის მიერ კონკრეტულ ზონაში მოქმედი კოეფიციენტის გაზრდას შეეხება. კერძოდ, თუ პროექტის ავტორი ითხოვს მაღალი შენობის აშენებას, მაშინ მას ადგილობრივი თვითმმართველობა მიწისქვეშა სართულის მოწყობის ვალდებულებას დაუწესებს, სადაც, პარკირების ადგილის მოწყობა იქნება შესაძლებელი.

"თუ გინდა მიიღო მაღალი კოეფიციენტი, გააკეთე მიწისქვეშა სართული და უზრუნველყავი ადგილი შენი მანქანისთვის. აღარ იქნება ქალაქში ამდენი მანქანა",- განაცხადა შოთა მურღულიამ გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვაზე.

მისივე თქმით, დამატებული სართული რეალურად მიწის ქვეშ იქნება და ქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს.

ახალი რეგულაცია,  ქალაქში პარკირებაზე გაზრდილი მოთხოვნილების შემცირებას ისახავს მიზნად.

განაშენიანების გეგმის სამუშაო ვერსიას, ქუთაისის საკრებულო, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაამტკიცებს.



Print