ახალი ამბები
აქცია ქუთაისის მერიასთან - "საპროტესტო გამოსვლები მასიური გახდება"
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილი მაღლივი კორპუსის მშენებლობის პროექტის გაუქმების მიზნით ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიის წინ აქცია გაიმართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.


"მრავალსართულიანი ბინის მშენებლობას კერძო სახლებს შორის ასათიანის ქუჩაზე არავინ არ უჭერს მხარს. იმედია ხელისუფლება ჩვენს აზრს გაითვალისწინებს და პროექტს არ დაამტკიცებენ," - განმარტავენ აქციის მონაწილეები.

მაღლივი კორპუსის მშენებლობის პროექტის გაუქმების მოთხოვნით ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებლების მსგავსად, ოპოზიციური პარტიების "გირჩის," "ახალი მემარჯვენეებისა" და "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებიც გამოდიან.

"მიშას დროიდან მოდის ასეთი მახინჯი და უსამართლოდ აშენებული შენობების კასკადი, ხალხის აზრის გათვალისწინების გარეშე ხდებოდა ეს ყველაფერი და ახლანდელი მთავრობაც ასე იქცევა. მოვუწოდებ მერიას პროექტი არ დაამტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაანონსებ, რომ საპროტესტო გამოსვლები მასიური გახდება," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი გოგი წულაია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ასათიანის ქუჩაზე მაღლივი კორპუსის მშენებლობის საკითხი ამ წუთებში მოსახლეობასთან ერთად განიხილება, ხოლო აქცია პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელოვნურად მართულია.

"ასათიანის ქუჩაზე მცხოვრები 17 მოსახლე იმყოფება ჩვენთან ერთად და ამ წუთებში პროექტის საკითხზე საქმის წარმოება მიმდინარეობს .ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნების მოგებას მერიის ხარჯზე ნუ დააპირებენ და ნუ სპეკულირებენ მოსახლეობით," - ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.

ასათიანის ქუჩა N19-ში კერძო სახლის დემონტაჟს და მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის დაწყებას შპს "აღმაშენებელი ქუთაისი" გეგმავს.



Print