ახალი ამბები
ზესტაფონში ე.წ. შავი ბაზარი დაიწვა
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ე.წ. შავი  ბაზარი ხანძრის შედეგად  განადგურებულია.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები  ცეცხლის ლოკალიზებას  დილამდე ახდენდნენ. 

6000-მდე კვ.მ  ფართზე განთავსებული  ე.წ.  შავ  ბაზარში ღია ტიპის დახლები იყო და   ტანსაცმელი იყიდებოდა.  ცეცხლის გაჩენის შედეგად, ბაზრის გარდა,  მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე  რამდენიმე მაღაზიაც დაიწვა. ადგილობრივების განმარტებით, ხანძარი ბაზრის დაკეტვის შემდეგ მალევე გაჩნდა.

ზესტაფონის  მუნიციპალიტეტში ზარალის დამდგენი კომისია შეიქმნება.   

"ზარალი ძალიან  დიდია. შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს  ზარალის დასადგენად. ცოტა ხანში  დაზარალებულების აღრიცხვასაც დავიწყებთ. ძნელი იქნება იმის გარკვევა ვის რა საქონელი  ქონდა,  ამიტომაც ეს  ექსპერტიზამ უნდ დაადგინოს. გვაქვს მთავრობასთან კავშირი, ველოდებით მათ ჩამოსვლას". , - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,  დავით მაღრაძე. 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187- ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის გაჩენის შედეგად სხვისი ნივთის დაზიანება- განადგურებას ითვალისწინებს.
Print