ახალი ამბები
ქუთაისში მე-4 პოლიკლინიკის წინ ქუჩა ყოველდღე იტბორება
FaceBook
ქუთაისში, მე-4 შერეული პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული მილის გამო, ნიკეას ქუჩა ყოველდღიურად იტბორება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბინძურებული წყალი ანტისანიტარიისა და გადაადგილების პრობლემებს ქმნის.

მათი თქმით, ქუჩის დატბორვა ხშირად ხდება.

"სახლში რომ მივდივარ, საშინელი სუნი უდის მანქანას. მთელი დღე რომ ამ ბინძურ წყალში დადიხარ, აბა რა იქნება. ამ გზაზე გამოვლა გვეზარება ისეთი სიტუაციაა",-ამბობს # 28 მიკროსაავტობუსო ხაზზე დასაქმებული მძღოლი.

"როგორ შეიძლება ამას ყურადღებას არ აქცევდნენ? საავადმყოფოს წინ ასეთი ანტისანიტარია ნორმალურია?",-ამბობს ნიკეას ქუჩის მცხოვრები.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარებადია, თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ დატბორვა ისევ არ მოხდება.

"აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლის მილი არის ძველი და ვერ ატარებს წყალს. ამიტომ, ხშირად ხდება  მისი დაზიანება.  უკვე შეაკეთა ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა, მაგრამ ეს არ იქნება იმის გარანტია, რომ აღარ გამოვა მწყობრიდან",-აცხადებს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრესსამსახურის უფროსი ნინო რამიშვილი.

მისივე თქმით, თურქული კომპანია SMK, რომელსაც ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის ვალდებულება აქვს აღებული, მე-4 პოლიკლინიკის წინ დაზიანებულ მილს ერთი თვის ვადაში გამოცვლის, რის შემდეგაც, პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება.


Print