ახალი ამბები
"ტორპედოს" ინვესტორი მისივე პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა იქნება
FaceBook
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გასაიდუმლოებული ინვესტორი, კლუბის ახლადდანიშნული პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა იქნება.

ბიზნესმენი ეკონომიკის სამინსიტროსთან კლუბის გადაბარების პროცედურებს გადის.

"ტორპედოს" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩაჩავა კლუბს ერთ-ერთ პარტნიორ ფირმაზე გადააფორმებს.  თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელ ფირმაზეა საუბარი.

"კლუბი ჯერ ისევ მერიის საკუთრებაშია, ეკონომიკის სამინისტროსთან პროცედურის დასრულების შემდეგ კი, ზაალ ჩაჩავა გახდება დამფუძნებელი და შესაბამისად,  ფულსაც ის ჩადებს",- აცხადებენ კლუბის ადმინისტრაციაში.

ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა კაზინო "აჭარაბეთის" პარტნიორი და შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია.

იგი "ტორპედოს" პრეზიდენტად მიმდინარე წლის 23 ივნისს დაინიშნა.

კლუბში ახალი ინვესტორის მოსვლას წინ ხმაურიანი პროცესები უძღოდა.

ჯერ პოსტი დატოვა კლუბის პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა, შემდეგ კი გუნდში ყოფნაზე უარი გუნდის კაპიტანმა და ორმა ფეხბურთელმა თქვეს.

"ტორპედოს" ყოფილი ინვესტორი 2010-2012 წლებში კომპანია "ვისოლი" იყო, რომელმაც კლუბთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყვიტა.

2013 წლიდან კი  კლუბს  ქუთაისის მერია აფინანსებდა.
Print