ახალი ამბები
"კინო-სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის" - მერიის 10 დღიანი პროექტი
FaceBook
20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში პროექტი ,,კინო-სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის" ჩატარდება. საამისოდ მერიამ ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება უკვე დასრულდა.

ელექტრონულ შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა თბილისურმა ორგანიზაციამ ასოციაცია "სინერამამ" მიიღო, რომელიც სამუშაოს 11.250 ლარად შეასრულებს.

ტრენინგი 6 დღიან სასწავლო კურსს და პრაქტიკულ სამუშაოს - ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გულისხმობს. მონაწილეთა ასაკი უნდა იყოს 14-17 წელი, რაოდენობა - 25.

მათ მეცადინეობას ჩაუტარებს 6 ტრენერი - კინოს ისტორიაში, კინოწარმოებაში, მხატვრული და დოკუმენტური კინოს დრამატურგიაში, რეჟისურასა და მონტაჟში. ასევე წაეკითხებათ ლექცია კინო-საოპერატორო ხელოვნებაში, კინოაპარატურაში, კინოსა და კულტურის მენეჯმენტში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კინო-სკოლის მიმდინარეობისას მოწვეული იქნება ორი საპატიო სტუმარი (სპეციალისტი), სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით.

თითოეული სტუმარი უნდა იყოს მოქმედი კინომატოგრაფისტი, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს კინო-სკოლის მონაწილეებისათვის.

სკოლის ფუნქციონირების ბოლო ფაზაში მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყოფიან და თეორიულ სასწავლო პროცესში მიღებული უნარ-ჩვევებით გადაიღებენ ორ მოკლემეტრაჟიან ფილმს. თითოეული ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 7 წუთი, რომლის  თემატიკა შეთანხმდება ქუთაისის მერიასთან.
Print