ახალი ამბები
მერია: ქუთაისის ტურისტული ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი იქნება
FaceBook
ქუთაისში, "მირზაანის" ყოფილ შენობაში, სადაც  ტურიზმის ცენტრი უნდა განთავსდეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთაველის ქ. #9-ში მდებარე 4-სართულიან შენობის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „პარმაღი“ 162 000 ლარის სანაცვლოდ ასრულებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.

"ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება" - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მოქალაქეები შეძლებენ ყველა ის სერვისი მიიღონ, რაც აუცილებელია მათი ქალაქსა თუ რეგიონში კომფორტული მოგზაურობისთვის. ცენტრის მოწყობაში ქუთაისის მერიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ფართს და საწყობს დაეთმობა, მეორე სართულზე ეთნოგრაფიული კუთხე, ბარგის შესანახი და ვირტუალური გიდის ოთახები განლაგდება.

შენობის მესამე სართული, საინფორმაციო ცენტრის გარდა, სუვენირების მაღაზიას, საბანკო მომსახურების პუნქტს, კერძო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციას დაეთმობა. მეოთხე სართულზე კი, საკონფერენციო დარბაზი და საგამოფენო სივრცე მოეწყობა.  

ამ დროისთვის, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში არის განთავსებული.

თავდაპირველად ის 2011 წელს, რუსთაველის მოედანზე მოეწყო. შენობა ფერადი მინის კონსტრუქციას წარმოადგენდა. თუმცა, მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, სახურავიდან წყალი ჩამოვიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც სამივე შესასვლელი კარი ჩამოვარდა, დაიკეტა. ტურიზმის ცენტრი კი მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გადავიდა. 

ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ ფერადი მინის შენობამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, რომლის დემონტაჟი  გასულ თვეში განხორციელდა. მის ადგილზე კი ადგილობრივმა მთავრობამ ენერგო-ეფექტური სკვერი მოაწყო.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი "მირზაანის" ყოფილ შენობაში რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ გადავა. ობიექტი ქუთაისის მერიამ გასულ წელს შეიძინა.

როგორ სახეს მიიღებს ცენტრი - ფოტომასალა ნახეთ ქუთაისიპოსტზე.
Print