ახალი ამბები
"ფობიებით შეპყრობილი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები"
FaceBook
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც ოქროს ჩარდახის მიმდებარედ კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის საკითხი განიხილეს, საკრებულოს მხოლოდ 3 დეპუტატი მივიდა.

"არგოს" მშენებლობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია "რესპუბლიკელმა" ნატო ქათამაძემ, "ეროვნული ფორუმის" წევრმა კახი დვალიშვილმა და "ნაციონალმა" ამირან ძოწენიძემ დააფიქსირეს.

შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, დეპუტატებს საკუთარი შეხედულების საჯაროდ გამოხატვის ეშინიათ.

"როგორც აღმოჩნდა, შიშებით და ფობიებით არიან შეპყრობილი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები. მას შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომის მოწვევაზე უარი გვითხრეს, შევთავაზეთ ყველაზე თავისუფალი ფორმატი და იმედი გვქონდა, მმართველი უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი მაინც აღმოჩნდებოდა ამ საკითხებზე სასაუბროდ მზად. თუმცა, დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავის დროზე ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა არალეგიტიმური იყო," - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატის და "ეროვნული ფორუმის" წევრის კახა დვალიშვილის განცხადებით, იგი საკითხის სამართლებრივ დეტალებს სწავლობს.

"როცა უმრავლესობაში ვიყავი და როგორც საკრებულოს დეპუტატმა თანხმობა მივეცი მშენებლობას, მივიჩნევდი, რომ სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის გადაცვლა ოქროს ჩარდახთან არსებულ მიწის ნაკვეთზე, მაშინ ერთგვარი გამოსავალი იყო. თუმცა, აქ სხვა თემებიც გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ რაღაც დარღვევები იყო და არ უნდა გაცემულიყო კონკრეტული ბრძანებები. დრო გვაჩვენებს, უარესი ხომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილებით", -აცხადებს კახა დავლიშვილი.

მშენებლობის საკითხის გამოძიებას ითხოვეს საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძე.

"ამიტომ ვითხოვდი მე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკა ლატარიას ბიზნესინტერესები იკვეთებოდა ამ საქმეში. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ჯგუფი შეიქმნა და ის ასეთ საკითხებში ნაკლებად გამოცდილმა ადამიანმა ჩაიბარა",- აცხადებს ნატო ქათამაძე.

შეხვედრას პოლიტიკუი პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პარტია "თავისუფალი საქართველოს"იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია მშენებლობის დემონტაჟს ითხოვს.

"უნდა შეჩერდეს მშენებლობა, დაიწყოს დემონტაჟი და დაუბრუნდეს პირვანდელი სახე. ვიქნები თუ არა პოლიტიკაში, როგორც ქუთაისის მკვიდრს მექნება ეს პოზიცია,- განაცხადა გოგი წულაიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციები "არგოს" მშენებლობას მისი დაწყების მომენტიდან აპროტესტებენ. ისინი ქუთაისის მერიის მიერ გაცემული  ნებართვის გაუქმებას  და იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ.

არასამთავრობო სექტორმა მიმდინარე წლის 7 ივლისს ქუთაისის სკარებულოს სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

ქუთაისის მერიამ არასამთავრობოთა საპასუხოდ განცხადება 6 აპრილს გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე "რიონის" სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.




Print