ახალი ამბები
13 წლის ქუთაისელი მოკრივე ჩემპიონატზე ფინანსების არქონის გამო ვერ მოხვდა
FaceBook
13 წლის ქუთაისელი მოკრივე ელდარ გოგიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ფინანსების არქონის გამო ვერ გაემგზარა.

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში კრივიში მიმდინარე ჩემპიონატზე ის საქართველოს სახელით მონაწილეთა შორის მე-11-ე სპორტსმენი უნდა ყოფილიყო.

კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 23 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში საასპარეზოდ მონაწილეები 6 ქალაქიდან (ფოთი, ახალქალაქი, თბილისი, გურჯაანი, მესტია, ლაგოდეხი) გაემგზავრნენ.

ქართველ მონაწილეთა რიგებში ელდარ გოგიაშვილის მოსახვედრად საქართველოს კრივის ეროვნულმა ფედერაციამ მიმდინარე წლის 8 ივლისს ქუთაისის მერიას წერილობით მიმართა.

"საქართველოს პირველობის გამარჯვებული, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი და გამარჯვებული, ითვლება ერთ-ერთ პერსპექტიულ მოკრივედ მოსწავლეთა ნაკრებში",- ასე ახასიათებს ფედერაცია ქუთაისის მერის სახელზე გაგზავნილ წერილში ელდარ გოგიაშვილს. იქვე მითითებული იყო საჭირო თანხის რაოდენობა (1215 ლარი და 545 ევრო) და განმარტება, რომ ისინი ქუთაისელ სპორტსმენს მისი მცირე ასაკის გამო ვერ დააფინანსებდნენ. აღნიშული გარემოების გათვალისწინებით, ფედერაცია მერიას სთხოვდა, 13 წლის მოკრივეს ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯები დაეფარა.




ელდარ გოგიაშვილის მშობელი ვიქტორია თოდრია, რომელმაც მოგვიანებით ამ თემაზე საუბარი აღარ ისურვა, აცხადებდა, რომ გამგზავრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადების დროს მათ მერიის დაფინანსების იმედი ჰქონდათ, თუმცა, ბოლო მომენტში ბიუჯეტში შესაბამისი თანხის არქონის მიზეზით უარი უთხრეს.

ქუთაისის მერიის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" გამოგზავნილ იფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ევროპის ჩემპიონატებში საქართველოს სახელით სპორტსმენთა მონაწილეობას შესაბამისი ფედერაცია აფინანსებს.

"ელდარ გოგიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახელით. ასეთ შემთხვევაში წარმატებულ სპორტსმენებს აფინანსებს სპორტის შესაბამისი ფედერაცია", - ნათქვამია წერილობით პასუხში.

თავის მხრივ, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით კვაჭაძის განმარტებით, სკოლის ასაკის სპორტსმენების ჩემპიონატებში მონაწილეობის დაფინანსების უფლება არ აქვთ. შესაბამისად, ასეთ დროს ინიციატივებს ადგილობრივი თვითმმართველობები იჩენენ, თუმცა, მათ არ აქვთ მსგავსი ხარჯების გაწევის ვალდებულება.

ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრივის ფედერაცია ქუთაისის მერიას მსგავსი შუამდგომლობით მიმართავს. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობას მრავალჯერ დაუფინანსებია ჩემპიონატებში მონაწილეები, თუმცა, გაერთიანების მმართველი ნინო უჩაძე მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით ფედერაციები თავიანთ ფუნქციებს ადგილობრივ თვითმმართველობებს აკისრებენ.

"თუ სპორტსმენი არის ძალიან წარმატებული, ბატონი შოთა აუცილებლად უწყობს ხელს. ფედერაციები მიეჩვივნენ ამას. კეთილი ნება დაინახეს ქალაქის მერისგან და რაც შეიძლება კიდევ და კიდევ მეტს აგზავნიან დასაფინანსებლად. ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ ფედერაციას აქვს თავისი ფუნქცია",-ამბობს ნინო უჩაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის წერილი მასთან არ მისულა, ქუთაისელი მოკრივეს შესახებ ინფორმირებული იყო.

"გვარი არ ვიცოდი, მაგრამ მახსოვდა. მითხრეს, რომ ძალიან კარგი ბავშვია, რომ აქვს შანსი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს, ოღონდ იყო ფინანსების პრობლემები. ვუთხარი შევიდეს წერილით და იქნებ ქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსოსთქო. ეს იყო ერთგვარი დაკვალიანება, რადგან, ვიცი, რომ ქალაქის მერთან როცა შედიან, ნაწილობრივ მაინც აძლევს დაფინანსებას",-ამბობს ნინო უჩაძე.

გაერთიანების მმართველის მოადგილე მამუკა მღვდელაძე კი აცხადებს, რომ ახლა ბიჯეტისთვის ისეთი პერიოდია, როცა ეკონომიის გაკეთებაა საჭირო.

განსხვავებული პოზიცია აქვს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს. დავით კვაჭაძე ამბობს, რომ ადგილობრივმა თვითმმათველობებმა მსგავს შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

"რამდენ უაზრო რამეზე ხარჯავენ ფულს რაიონები? ესენი მომავალი სპორტსმენები არიან და ხელშეწყობა სჭიდებათ. მაშინ, მთავრობას მაინც უნდა მოსთხოვონ ბიუჯეტის შედგენის დროს, რომ ამ მიმართულებით მეტი თანხა მისცენ",- ამბობს კვაჭაძე.

რატომ დარჩა ჩემპიონატს მიღმა 13 წლის მოკრივე, ამაზე საუბარი არ სურთ ქუთაისის აკაკი კაკაურიძის სახელობის # 18 კრივის სპორტული სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც თავად თხოვეს ფედერაციას სიტყიერად, რათა ელდარ გოგიაშვილის გამგზავრების დაფინანსებისთვის მერიასთან ეშუამდგომლა.

სპორტული სფეროს წარმომადგენლები პრობლემას კანონდებლობაშიც ხედავენ. იმაში, რომ დღესდღეობით საქართველოში სპორტის მიმართულებით არ არსებობს სპონსორობის შესახებ კანონი. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ფედერაციებსაც დაფინანსების განსაზღვრული კატეგორიები აქვთ, წარმატებული სპორტსმენები მხოლოდ ქველმოქმედებისა და კეთილი ნების იმედად რჩებიან, იქნება ეს გაწეული ადგილობრივი  თვითმმართველობის თუ კერძო ბიზნესმენის მხრიდან.
Print