ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი საჯარო მოხელეებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს
FaceBook
"თუ პარტიას არ დატოვებთ, ერთ კვირაში სამსახურიდან გაგიშვებენო".


ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი და "ეროვნული ფორუმის" წევრი კახი დვალიშვილი, მისი პარტიის წევრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

მისი თქმით, ქუთაისის მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომლებმა, პარტიის წევრებს, რომლებიც ასევე საჯარო მოხელეები არიან, განუცხადეს, რომ თუ არ დატოვებდნენ "ეროვნულ ფორუმს" და არ გადავიდოდნენ "ქართულ ოცნებაში", ერთ კვირაში სამსახურს დაატოვებინებდნენ.

"ჩემი პარტიის წევრებს უთხრეს დაეტოვებინათ "ეროვნული ფორუმი" და გადასულიყვნენ "ქარულ ოცნებაში". თუ არ დატოვებთ, ცუდად გექნებათ საქმეო. ერთ კვირაში დაგატოვებინებენ სამსახურსო," - განაცხადა დვალიშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

დვალიშვილი მერიის სამსახურისა და კონკრეტული პირების ვინაობას არ ასახელებს.

დეპუტატის განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრი, რობიზონ წინწკალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ფაქტის შესახებ ისიც ინფორმირებულია.

"ნუ დამაკონკრეტებინებთ, ამის გამო, შესაძლოა ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგო. იძლევიან კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ ადამიანებმა შეიცვალონ პარტიული კუთვნილება. მე ვიზიარებ ბატონი კახის შეშფოთებას", - განაცხადა რობიზონ წინწკალაძემ.

დეპუტატების განცხადებებს ხმაური მოყვა საკრებულოს სხვა დეპუტატების მხრიდან.

კახი დვალიშვილის განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გია ქობალიანმა გააპროტესტა. უმრავლესობის წარმომადგენელმა, გურამ ტოროშელიძემ კი იმ პირების ვინაობის დასახელება მოითხოვა, ვინც საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახორციელებდა.

მოგვიანებით, კახი დვალიშვილმა განმარტა, რომ მომხდარის შესახებ ხელმძღვანელი პირები ინფორმირებული არ არიან.

"მე როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ერთგვარი გამოძიება ჩავატარე და აღმოჩნდა, რომ ზემოდან არ მოდიოდა ეს გაფრთხილება. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყველა საჯარო მოხელემ უნდა დაიცვას კანონი და მშვიდ გარემოში ჩაგვატარებინოს ქალაქში არჩევნები", - განაცხადა დეპუტატმა.

დვალიშვილის თქმით, მსგავსი ფაქტი პირველად არ დაფიქსირებულა. მას საკითხის შესწავლის თხოვნით ადრეც მიმართეს. მისივე განცხადებით, იმ დროისთვის საუბარი იყო სხვა პარტიის მიმართ ზეწოლაზე, თუმცა ხელმძღვანელობამ არც ამ ფაქტის შესახებ იცოდა.

Print