ახალი ამბები
სოფელ ობჩაში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის შეკეთებას ითხოვენ
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში 2016 წლის 7 ივლისის ძლიერი წვიმის დროს ხიდის საძირკველი მოიშალა.

მოსახლეობა სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის შეკეთებას ითხოვს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდის ერთ მხარეს მსუბუქი ავტომანქანის გადაადგილება შეუძლებელია.






"დამსვენებლები მოდიან აქ ხშირად და შესაძლოა, ვინმემ არ იცოდეს რა მდგომარეობაა. ისეა ხიდი ამორტიზებული, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაინგრეს. ვითხოვთ, გამგეობამ მოგვაქციოს ყურადღება", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ავთო ბურჯანაძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია.

"ამ ეტაპზე მუშავდება პროექტი, რის შემდეგაც გამოვაცხადებთ ტენდერს. გამარჯვებული კომპანია მოახდენს დაზიანებული ხიდების რეაბილიტაციას", - განაცხადა ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გელა მშვილდაძემ.

სოფელ პირველ ობჩაში მცხოვრებთა თქმით, ხიდს რეაბილიტაცია ბოლოს 5 წლის წინ ჩაუტარდა. იმ დროისთვის ხიდზე ძველი მოაჯირები ახლით შეცვალეს.

Print