ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი – თუკი კაზინოს ავკრძალავთ, მეზობელთან წააგებს სეკაში
FaceBook
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ონლაინ კაზინოების რეკლამა სატელევიზიო ეთერით არ უნდა გადიოდეს.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გადაცემაში "ჩემი კითხვა" ისაუბრა, რომელიც "პალიტრანიუსის" ეთერში გავიდა.

უსუფაშვილის აზრით, ონლაინკაზინოებისა და აზარტული თამაშების რეკლამაზე უფრო მეტი შეზღუდვა უნდა დაწესდეს.

"თემას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მე პოლიტიკურ ჭრილში გეტყვით. ტრაგედიები, რომელიც ხდება, ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელსაც აკრძალვებით ვერ მოვუვლით, რადგან ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ზრდასრული, სრულწლოვანი ადამიანი უნდა განაგებდეს საკუთარ ბედს და ჩვენ კაზინოს აკრძალვით, ტოტალიზატორის დანგრევით და აკრძალვით ამას ვერ მივაღწევთ. უნებისყოფო ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის განცდა არ აქვთ სხვა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ თავისი დედის და მამის პენსია კაზინოში წაააგონ. ამ ტიპის ადამიანებს ცოტა სხვანაირად უნდა მოვუაროთ, თუკი კაზინოს ავკრძალავთ, ის წავა და მეზობელთან წააგებს სეკაში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქებიდან კაზინოების გატანას მხარს დაუჭერს.

"მე პირადად დავუჭერდი მხარს იმას, რომ დიახ, ქალაქებიდან იყოს გატანილი კაზინოები, ანუ იყოს მეტი ბარიერი იმისთვის, რომ ცუდ ხასიათზე ან ნაბახუსევზე მყოფმა ადამიანმა უცებ არ შეიაროს ამ კაზინოში. არ უნდა ვუბიძგოთ ზრდასრულ მოქალაქეებს ამისკენ. არასრულწლოვნების დაცვას სხვა, სერიოზული ყურადღება და რეგულაციები სჭირდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ქუთაისში მცხოვრები ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ სათამაშო აზარტული დაწესებულებები მარტივად ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, განსაკუთრებით მოზარდებისთვის.

ქალაქში ტოტალიზატორებისა და სლოტ კაზინოების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რომელთა მეპატრონეები ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდურ თანხას იხდიან.


Print