ახალი ამბები
სოზარ სუბარი – დევნილები არასტაბილურობის განცდის გამო დარჩნენ დაუსაქმებლები
FaceBook
საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი დევნილთა დასაქმებისა და გადამზადების საინფორმაციო ფორუმს დაესწრო.

"დევნილთა საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი" ქუთაისში გაიმართა.

სოზარ სუბარმა დასაქმების პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დევნილთა სრულყოფილი ეკონომიკური ინტეგრაცია, არასტაბილურობის შეგრძნების გამო, ვერ მოხდა.

"რატომ გახდა პრობლემა მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია? იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ 6 თვეში დავბრუნდებით, ახლა ორ თვეში დავბრუნდებით. ასეთ გარემოში მათ აღარ ჰქონდათ კონცენტრაცია განათლების მიღებაზე, სამსახურის მოძიებაზე. ასეთი დაპირებების და არასტაბილურობის განცდის გამო დარჩნენ ისინი დაუსაქმებლები. დღევანდელი დღე კი არის იმის მაგალითი, რომ ჩვენ თავად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან",-განაცხადა მინისტრმა.

დევნილთა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფის მიზნით გამართულ ფორუმზე საწარმოების, პროფესიული სასწავლებლების, არასამთავობო ორგანიზაციებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დევნილებს ვაკანსიებსა და გადამზადების პროგრამებს სთავაზობდნენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე, საჯარო და სამოქალაქო სექტორი.

"ფორუმის მიზანია დევნილებისთვის ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათთვის დასაქმებისა და სწავლების ეფექტური წყაროების მოძიებით. ეს პროექტი ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში ხორციელდება და ერთ-ერთი არის ქუთაისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" დირექტორმა, ლიკა კილაძემ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობისა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

საინფორმაციო ფორუმი პროექტის "დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე-ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ფარგლებში გაიმართა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

Print