ახალი ამბები
ქუთაისის მერმა მრჩევლად თემურ ლანჩავა დანიშნა
FaceBook
შოთა მურღულიამ მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ლანჩავა მრჩევლად დანიშნა.

მერის ბრძანების მიხედვით, ლანჩავა ამ პოსტზე ერთწლიანი ვადით არის დანიშნული.

"ვბრძანებ, მიღებულ იქნეს თეიმურაზ ლანჩავა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის თანამდებობაზე, სახელოვნებო, კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში", - ნათქვამია ქუთაისის მერის მიმდინარე წლის 13 ივლისს გამოცემულ ბრძანებაში.



"ქუთაისიპოსტთან" საუბარში ლანჩავა განმარტავს, რომ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ ის მრჩევლად საკუთარი თხოვნის საფუძველზე დანიშნა.
ლად.

"მერმაც შემომთავაზა და მეც მქონდა თხოვნა იმიტომ, რომ ამხელა ჟურნალს ვაკეთებ ერთი მანეთი არ მქვს, იმხელა გაზეთს ვაკეთებ – მანეთი არ მაქვს, აკადემიას ვხელმძღვანელობ – მანეთი არა მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ცოდვა არა ვარ? მანეთი არა მაქვს. მე ვთხოვე, ვუთხარი გავივსე ვალებით. არც ერთი ბანკი არ არის, ვალი რომ არ მქონდეს. ვენაცვალე მაგას, მადლობელი ვარ. შევიდა მდგომარეობაში დამნიშნა. თუ გამოვადგები და თუ რამეს გავუკეთებ ვეცდები, თუ არა და რა ვქნა. მინდა, რომ მოვეხმარო მაგასაც, ჩემს ქალაქსაც, ჩემს თავსაც", - განმარტავს ქუთაისის მერის ახლადდანიშნული მრჩეველი.

თემურ ლანჩავა 1975 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია. 1990 წელს დააარსა და ამ დრომდე მწერალთა და ხელოვანთა გაზეთის "უქიმერიონი" რედაქტორი გახლავთ. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

1998 წელს ის საქართველოს ჰუმანიტარული და სახელოვნობო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს.

2001 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშავალას, გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ლეონიძის, აბუსერიძე ტბელის, ოთარ მამფორიასა და მუხრან მაჭავარიანის პრემიები.

თემურ ლანჩავა არის ქუთაისის საპატიო მოქალაქეთა საბჭოს თავმჯდომარე, 2012 წლიდან საზოგადოება "ქუთაისელის" პრეზიდენტი. ასევე, ქუთაისის მერიასთან არსებული პატივგების კომისიისა და ჟურნალ "განთიადის" სარედაქციო საბჭოს წევრი.

2012 წელს მას ქართული კულტურის რაინდის წოდება მიენიჭა. დაჯილდოვდა კულტურის მინისტრის მიერ დიპლომით ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

2014 წლიდან ის საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის დამაარსებელი და პრეზიდენტი გახლავთ.

ქუთაისის მერს 2015 წლის მდგომარეობით სამი მრჩეველი ჰყავდა. თითოეულის მათგანის ყოველთვიური ხელფასი 1 200 ლარს შეადგენს.



Print