ახალი ამბები
ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ
FaceBook
ბრალდებულს ან მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ დასაქმებას სთვაზობენ.

ამ მიზნით "პატიმრობის კოდექსში" შესაბამისი ცვლილება უკვე განხორციელდა.

ინიციტივა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, კახა კახიშვილს ეკუთვნის.

მცირე სარემონტო სამუშაოები (იატაკისა და ჭერის მოწყობა, ღებვა, კედლების შეფითხვა, სველი წერტილების შეკეთება), ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გაზონების მოწყობა/მოვლა, ავეჯის, მათ შორის-საწოლის, მაგიდის, სკამის, ტუმბოს და სხვა ნივთების შეკეთება, ასევე, სხვა სამუშაოები, რომლებიც აუცილებელია პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და არ მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას, – ეს იმ სამუშაოების ჩამონათვალია, რომელზეც ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს.

მინისტრის ბრძანების თანახმად, აკრძალულია მათთვის ისეთი სამუშაოს შეთავაზება, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ლახავს, ასევე, დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება ისეთ სამუშაოებზე, რომელიც დაკავშირებულია მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების ფასადის შეღებვასთან, სახურავების მოწყობასა და შეკეთებასთან.

ბრალდებულის/მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულის დასაქმება შესაძლებელია მისი წერილობითი განცხადებით, დაწესებულების ექიმის რეკომენდაციით, დაწესებულების დირექტორის თანხმობითა და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასაქმებულებს შესაბამისი ანაზღაურება, დღეში 20 ლარის ოდენობით, პირად საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

დასაქმების მიმართულებით სამინისტრო, ასევე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთების ონლაინრეალიზაციას გეგმავს.


Print