ახალი ამბები
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
FaceBook
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურადაა შექმნილი.
თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით ჯარისკაცს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში საცხოვრებელი ადგილიდან შორ მანძილზე მსახურობს და პირველი კონტრაქტიც დამთავრებული აქვს, კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს სამსახურის შესაძლებლობა ეძლევა.

პირველად ეს განცხადება მინისტრმა, ბათუმში დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში რამდენიმე თვის წინ გააკეთა.

ორი დღის წინ კი თინათინ ხიდაშელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მიცემული პირობის აღსრულება პირადად აცნობა.

"როცა ადამიანი ერთი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ჯარში რჩება, ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის მისი უფლება-მოვალეობები და ზუსტად აქვს გაცნობიერებული რატომ უნდა ქვეყნის სამსახური სამხედრო ფორმაში. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ მათ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში და არ დავაშოროთ ოჯახებს არასაჭირო ვითარებაში, არასაჭირო გარემოებების გამო",- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ხიდაშელის განცხადებით, ჯარში სამსახური არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ტიპის მსხვერპლის გაღებასთან, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ ემსახურება არც სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებას და არც საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას.



Print