ახალი ამბები
ქუთაისში "ნატახტარის" სადისტრიბუციო ობიექტის გაქურდვა სცადეს
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ლუდსახარში "ნატახტარის" სადისტრიბუციო ობიექტის გაქურდვა სცადეს.

უცნობმა პირებმა იმ ოთახში შეაღწიეს, სადაც კომპანიის სეიფი ინახება. თუმცა, მათ სეიფის გატეხვა ვერ მოახერხეს.

კომპანიის თანამშრომელთა თქმით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე უსაფრთხოების სისტემა ჩაირთო.

"ჩაირთო განგაშის სიგნალი და რომ მოვედით ორი ოთახის კარის საკეტები გატეხილი იყო. სეიფიდან უნდოდათ ფულის აღება, მაგრამ ვერ მოასწრეს გატეხვა, რადგან სიგნალი ოთახში შესვლისთანავე ჩაირთო", - ამბობს კომპანიის თანამშრომელი, შალვა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ადგილზე სათვალთვალო კამერებიც არის დამონტაჟებული, მაგრამ იმ ტერიტორიაზე, საიდანაც სეიფის ოთახში შეღწევა მოხდა, ვიდეოთვალი არ არის.

ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან კამერების ყველა ჩანაწერი ამოიღეს.

ლუდსახარში "ნატახტარის" სადისტრიბუციო ობიექტის თანამშრომელთა ვარაუდით, ობიექტის გაქურდვას რამდენიმე პირი ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-19-ე პუნქტით არის აღძრული, რაც გაქურდვის მცდელობას გულისხმობს.
Print