ახალი ამბები
"არ ვაპირებ ვინმეს საქმე გავუმარტივო"
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი,  სამუშაო ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობს


ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძე, დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის იმ წერილების გადაცემას არ აპირებს, რომლებიც, მისი თქმით, მოქალაქეებმა მას მიუტანეს.

საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა წლებში გასხვისებულ მიწებზე, რომელთა გასხვისების კანონიერების შესწავლას,  ქათამაძის თქმით, მოქალაქეები აღნიშნულ წერილებში  ითხოვენ.

დეპუტატი   განმარტავს, რომ სამუშაო ჯგუფმა თავად უნდა მოიძიოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი.

"არ ვაპირებ ვინმეს საქმე გავუმარტივო. თუ ამ ჯგუფს აქვს საკმარისი კომპეტენცია, თავად მოიძიონ ინფორმაცია. რადგან, ჩემს მიერ ინიცირებულ საკითხზე სხვამ შექმნა ეს ჯგუფი, მათვე უზრუნველყონ დანარჩენი. მაგის მეტი რა ევალებათ?",-ამბობს ნატო ქათამაძე.

ნატო ქათამაძე  არ აკონკრეტებს რამდენი ასეთი მიმართვა ინახება მის კაბინეტში, თუმცა, ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ინდივიდუალური მოკვლევა 2014 წლიდან აქვს დაწყებული და შედეგს საკრებულოს სამუშაო ჯგუფის დასკვნის პარალელურად დადებს.

ქუთაისის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გია ქობალიანმა განაცხადა, რომ თუ ცალკეულ დეპუტატებს მსგავსი მოთხოვნით მოქალაქეთა წერილები აქვთ, მორალის საკითხია, რომ სამუშაო ჯგუფს გადასცენ.

სამუშაო ჯგუფი პირველ  სხდომას უახლოეს დღეებში ჩანიშნავს. 

Print