ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას გამართავს
FaceBook
ჯგუფის წევრები პირველ საკითხად 2013 წელს გასხვისებული მიწების კანონიერებას შეისწავლიან.

ქუთაისის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი პირველი სხდომის ჩატარებას რამდენიმე დღეში გეგმავს. ჯგუფის ხელმძღვანელის გია ქობალიანის თქმით, 2006-2015 წლების ჩათვლით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერების შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის წევრები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან. პირველ საკითხად კი 2013 წელს გასხვისებული მიწები განიხილება.

"რადგან 2013 წელი არის ერთგვარი პერიოდი, როცა სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალთა ერთგვარი თანაფარდობა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პერიოდიდან დავიწყოთ შესწავლა",-ამბობს გია ქობალიანი.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფისთვის კონკრეტული მიწის შესწავლის მოთხოვნით არავის მიუმართავს, ამიტომ შესწავლის ობიექტი 2013 წლის განმავლობაში ყველა გასხვისებული მიწა იქნება.

"ჩვენთვის ასეთი თხოვნით ჯერ არავინ მოსულა, ხოლო თუ ცალკეულ დეპუტატებთან არსებობს მსგავსი წერილები, მორალის საკითხია, რომ სამუშაო ჯგუფს გადასცენ",-ამბობს ქობალიანი.

საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძე, რომელიც დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორი იყო, აცხადებდა, რომ მასთან აღნიშნულ წლებში გასხვისეული მიწების შესწავლის თხოვნით რამდენიმე მოქალაქემ წერილობით მიმართა.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ,  2006-2015 წლებში გასხვისებული მიწების კანონიერების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წლის 27 აპრილს შეიქმნა. ჯგუფის 6 კაციანი შემადგენლობა კი საკრებულომ 29 მაისს დაამტკიცა.
Print