ახალი ამბები
საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის მიმართულებით შეზღუდულია
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, როგორც სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის, ასევე საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეზღუდულია, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში - შეუფერხებლად ხორციელდება.

შს მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მწვანე ზოლი გადასულია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. მობილიზებულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სრული პირადი შემადგენლობა.

"განსაკუთრებით კონტროლდება საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის მიმართულება. ასევე, მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დეპარტამენტის მცურავი საშუალებები, რომლებიც აჭარის აკვატორიას აკონტროლებენ," - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, შსს-ს არსებული სიტუაციისადმი ადეკვატური ზომები აქვს მიღებული, რათა უსაფრთხოების დონე კვლავ დარჩეს მაღალ ნიშნულზე.
Print