ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ 7 ავტომობილი გადასცა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შინაგან საქმეთა  და ეკონომიკის სამინისტროებს  7 ავტომობილი მფლობელობაში გადასცა.

მათგან ერთი - სპეციალიზირებული ავტომობილი მერსედეს ბენცი 410D შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოითხოვა, დანარჩენი 6 კი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

"მესედესის" გარდა, გასხვისებულ ავტომობილებს შორის  მოხვდა 3 "სუძუკი გრანდ ვიტარა", 2 "ფოლკსვაგენ პასატი" და 1 "ტოიოტა ჰაილუქსი".

ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული მოძრავი ქონება, მერიამ სახელმწიფოს  უსასყიდლოდ გადასცა, რასაც ხმაური მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა, რომ იგი ფაქტს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, უკვირს რომ დეპუტატები, რომლებიც წინა მოწვევის საკრებულოში მსგავს ფაქტებს აპროტესტებდნენ,  ახლა პრეტენზიას არ გამოთქვამენ.

",ახლა იგივე სიტუაციაზე რატომ არ იღებენ ხმას? ბევრი დეპუტატია ახლაც საკრებულოში, რომლებიც მაშინ ამის გამო გვაკრიტიკებდნენ. თუნდაც, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით დვალი",- ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

საკრებულოს "ლეიბორისტი" დეპუტატი სამსონ გუგავა სახელმწიფოსთვის ავტომობილების გადაცემას ქალაქისთვის დაკისრებულ ხარკს უწოდებს და ამბობს, რომ მთავრობა ისედაც მწირი ბიუჯეტის მქონე ქალაქს მსგავს ვალდებულებებს არ უნდა უყენებდეს.

"ეს ის ავტომობილებია, რომლების შეძენასაც ჯერ კიდევ მერაბიშვილის სამინისტრო აიძულებდა თვითმმართველობას. სანაცვლოდ კი ადგილობრივი ჩინოვნიკების კანონდარღვევაზე ხუჭავდა თვალს. ეს ერთგვარი ხარკი იყო, რასაც ჩვენი თანამდებობის პირები უხდიდნენ სახელმწიფოს. მე მაშინც წინააღმდეგი ვიყავი მსგავსი ფაქტების, რადგან, მივიჩნევ რომ ასეთ მცირებიუჯეტიან ქალაქს არ შეიძლება ძვირადღირებული ავტომობილების შეძენა დაავალო", -აცხადებს სამსონ გუგავა.

ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გურამ ტოროშელიძე ამბობს, რომ აღნიშნულ  ავტომობილებს ამჟამინდელი ხელისუფლება არ იყენებდა.

"2007-2009 წლებში აყიდინეს ეს მანქანები ყოფილ ხელისუფლებას ისე, რომ  თვითონაც არ უნახავთ თვალით. სახელად იყო ჩვენი. ჰოდა,  მივეცით",- ამბობს ტოროშელიძე. 

ქუთაისის მერიამ სახელმწიფოს ავტომობილები გასულ წელსაც გადასცა.

2015 წლის აპრილში, "ტოიოტა ლენდკრუიზერი" და "ტოიოტა ჰაილუქსი" ასევე უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობის უფლებით გასხვისდა.

Print