ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი - ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს აქტიურად დავუჭერთ მხარს
FaceBook
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ერთ-ერთი პიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების განითარებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერაა.  აღნიშნულის შესახებ გუბერნატორმა  ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში განაცხადა, სადაც მან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში გუბერნატორი ახალგაზრდული ცენტრის სხვადასხვა დარგის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
გივი ჭიჭინაძის განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაცია ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებთან და მათ განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, აქტიურად დაუჭერს მხარს. 
"ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, დაწყებული ხუთი წლის ბავშვებიდან დამთავრებული დიდებით, სერიოზული ნამუშევარია ყველა მიმართულებით. კმაყოფილი ვარ პედაგოგების საქმიანობით და მინდა ავღნიშნო, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ქუთაისში არსებული მრავალი პროფესიული სასწავლებლები უნდა განვითარდეს ამ კუთხით",  - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
ახალგაზრდული ცენტრის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მენტორის დავით ლიკლიკაძის თქმით, ცენტრს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების განვითარებისათვის.
"კულტურა არის მნიშვნელოვანი განვითარების დარგი საქართველოსთვის და რეგიონში არსებული ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც კომპლექსური დარგების ერთიანობაა, ვთვლი რომ გუბერნატორისაგან ნამდვილად არის მხარდასაჭერი, ასე რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და მართლაც პრეცედენტია ქუთაისისათვის,"- განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი კულტურულ-საგანმანათლებლო კომპლექსია, რომელიც 16 სხვადასხვა დარგის სახელოვნებო და პროფესიულ სასწავლებელს აერთიანებს. სასწავლებელში დღეის მონაცემებით 200 ბავშვი სწავლობს. აღნიშნული ცენტრი პირელი რეგიონალური სასწავლებელია, სადაც ცნობილი არტისტები და ხელოვანები მუშაობენ.

სალომე ბრეგაძე
Print