ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე რიონმა საცხოვრებელი სახლები დატბორა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად მოდიდებულმა რიონმა საცხოვრებელი სახლები და სარდაფები დატბორა.
მდინარის წყალმა ვარლამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები სამი ოჯახი დააზარალა.

"ღამის 12 საათზე ერთიანად შემოგვივარდა წყალი და დაგვიტბორა საცხოვრებელი სახლი. ვერაფრის გადარჩენა ვერ შევძელი. სარეცხი მანქანა, მაცივარი, საჭმელი, ტანსაცმელი, ყველაფერი გაგვინადგურდა", – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, თინათინ სამსონიშვილმა "ქუთაისიპოსტთან"საუბარში.

მოსახლეობის თქმით, ვალამიშვილის ქუჩაზე მსგავსი პრობლემები ყოველი წვიმის დროს იქმნება. ისინი მერიისგან დახმარებას ითხოვენ.

"აუცილებელია გაიზარდოს დამცავი ჯებირების სიმაღლე. ამდენი დატბორვისგან სახლებს საძირკველი აღარ აქვს", – აცხადებენ ვალამიშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

დაზარალებული მოსახლეობა ქუთაისი მერმა, შოთა მურღულიამ მოინახულა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სიტუაციას მერიის საბინაო სამსახური სწავლობს.

"დაზარალებულ სამ ოჯახს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართი. ორი მათგანი თანახმაა სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად. ქირის თანხას მათ ქუთაისის მერია დაუფინანსებს. მას შემდეგ რაც მოხდება ზარალის დათვლა, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გავუწევთ", – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ამ დროისთვის ვალამიშვილის ქუჩაზე სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ.


Print