ახალი ამბები
ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიის 113 თანამშრომელს ხელფასი მოუმატეს
FaceBook
ქუთაისში წყალმომარაგების კომპანიის ფილიალში დასაქმებულთაგან ხელფასები ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამდებობაზე მომუშავე პირებს მოემატა.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, მიმდინარე თვეს, ქუთაისში, კომპანიის 113 თანამშრომელს ხელფასი 40% - ით გაეზარდა.

"ძირითადად ტექნიკურ პერსონალზე მოხდა სახელფასო ზრდა. ეს  მხოლოდ რეგიონებში დასაქმებულ თანამშრომლებზე გავრცელდა," - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წყალმომარაგების კომპანიაში შრომის ანაზღაურება სულ 1407 დასაქმებულ ადამიანს მოემატა.

სახელფასო ზრდის მოთხოვნით, მიმდინარე წლის ივნისში ქუთაისში "გაერთიანებული წყალმომარაგების"  50 თანამშრომელი გაიფიცა.

ისინი ანაზღაურების 500 ლარამდე მატებას ითხოვდნენ.

ამ დრომდე, წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური თანამშრომლების მინიმალური ხელფასი 220, მაქსიმალური კი 280 ლარს შეადგენდა.

გაფიცვის შემდეგ,  კომპანიის დირქტორმა, გიორგი კობერიძემ, დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე მყოფი პირების  მიმართ ხელფასების 30-40%-ით ზრდის დაპირება გასცა.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორგანიზაციაში სახელფასო ზრდა კადრების ოპტიმიზიაციის შედეგად, ასევე, სახელფასო ბიუჯეტში მიღებული დანაზოგის ხარჯზე გახდა შესაძლებელი.



Print